დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს, ფაქტობრივად უფლებრივი დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს წარმოადგენს
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს ფაქტობრივად უფლებრივი დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს წარმოადგენს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატია განაგრძობს იმ პრინციპების ნგრევას, რის გარშემოც თავის დროზე, სადამფუძნებლო ხელშეკრულებით, ევროკავშირი შეიქმნა.
„თანასწორუფლებიანობა წარმოადგენს იმ ღერძს, რომელი პრინციპის გარშემო თავის დროზე ევროკავშირი შეიქმნა და დღეს ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრების აშკარა სეგრეგაცია მიმდინარეობს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ არის იმგვარი მოთხოვნები დადგენილი, რომელიც პრაქტიკულად ანულირებას უკეთებს მათ უფლებას, საკუთარი თავი დაიცვან ამ ბლოკში. ევრობიუროკრატიამ შეიძლება ისე მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომ საერთოდ არც ჰკითხოს მას არაფერი.
„რა თქმა უნდა, ეს არის ის მოცემულობა, რაშიც ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს ფაქტობრივად უფლებრივი დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს წარმოადგენს - თანასწორობას და ეს თანასწორობა ინგრევა დღითიდღე სწორედ ევრობიუროკრატიის ხელით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში, ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.





