ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
პოლიტიკა

ფონიჭალაში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს.
შს მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.
„მეხანძრე-მაშველების მიერ ხუთი მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი მოქალაქე. მინდა მათ ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედია არის მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის არის", - განაცხადა შს მინისტრმა.
სულხან თამაზაშვილის თქმით, ახლა გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობთ, ყველა საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
„მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში და სამაშველო ღონისძიებებში. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს ვალდებულება. მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს თანამშრომლებისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.





