არჩილ გორდულაძე: განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის, რომ როდესაც მათ დროს დანაშაულები ხდებოდა, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართული იყო დანაშაულების მიჩქმალვაში. ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, მოსამართლე ევა გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ილაპარაკა იმის შესახებ, უნდა შეერაცხოს თუ არა გიორგი გახარიას მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებები მის დღევანდელ პოლიტიკურ პარტიას.
გორდულაძეს მიაჩნია, რომ როდესაც აღნიშნული პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირს წარმოადგენს ბრალდებული ადამიანი და მის ქმედებებს არათუ არ ემიჯნებიან პარტიის წევრები, არამედ იწონებენ, რა თქმა უნდა, ეს ყველა მათგანს მიემართება.
„კონკრეტული ადამიანი ახლა იკავებს კონკრეტული პარტიის უმაღლეს თანამდებობას, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირია და თავმჯდომარეა. მისი პარტიის წევრები, დადასტურებულად რაც შემიძლია გითხრათ, რაც ჩემი თვალით ნანახი და მოსმენილი მაქვს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, არაერთხელ [განუცხადებიათ], რომ მათთვის საამაყოა ჩორჩანის ეპიზოდი. ისინი დღესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამრუდებულად ციტირებენ, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ გიორგი გახარია გაამართლა და ახლა მართლმსაჯულება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ ედავება მას კონკრეტული დანაშაულის ჩადენას. მაშინ, როდესაც აღნიშნული პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირს წარმოადგენს კონკრეტული ბრალდებული ადამიანი და ამ ქმედებებს არათუ არ ემიჯნებიან, არამედ იწონებენ. პარტიის ყველა წევრი, უკლებლივ, ვინც კი ახლა არის ამ პარტიაში, რა თქმა უნდა, მისი ქმედებები ამ პარტიასაც მიემართება.
განსხვავება ჩვენს პარტიასა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის, რომ როდესაც მათ დროს დანაშაულები ხდებოდა, ისინი არათუ დანაშაულებს იძიებდნენ, არამედ მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართული იყო ამ დანაშაულების მიჩქმალვის და შესაბამისად, მართლმსაჯულების არდადგომის მიზნით. ხოლო ჩვენი მიდგომა არის, როგორც კი დანაშაული იქნება მხილებული, პირიქით, ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ და მოვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. რა თქმა უნდა, ასეთ დანაშაულებრივ ქმედებებს არა თუ ვემიჯნებით, არამედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი დანაშაულების პრევენცია მოხდეს და ვინც კი გაბედავს და ჩაიდენს ამ დანაშაულებს, შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის“, - განაცხადა გორდულაძემ.





