მაკა ბოჭორიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდებს, ბავშვებს აქვთ უფლებები შეზღუდული, განათლებაზე წვდომა შეზღუდული და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მუშაობის და ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგაზრდების თვალსაზრისით
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან „პარიზის მშვიდობის ფორუმში" საქართველოს მონაწილეობასა და ფორუმის ფარგლებში განხილული საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისთვის. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფორუმში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ფორუმის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს ბავშვთა უფლებები წარმოადგენდა. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების მდგომარეობაზე, მათ შორის მათი უფლებებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდებს, ბავშვებს აქვთ უფლებები შეზღუდული, განათლებაზე წვდომა შეზღუდული და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მუშაობის და ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგაზრდების თვალსაზრისით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ოკუპაციასთან და საქართველოს რეგიონებში უცხო ქვეყნის სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ხაზგასმით აღნიშნა მშვიდობის მნიშვნელობა და მშვიდობიანი განვითარების აუცილებლობა.
მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეეხო იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო მშვიდობიანი განვითარების პირობებში აღწევს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნების პროცესში.
„ზოგადად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა იყოს მიმართული სწორედ მშვიდობის ძიებისკენ და სწორედ მშვიდობამ მისცეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს და ბავშვებს განვითარდნენ და უკეთესი მომავალი ჰქონდეთ“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.





