ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას სურს, საქართველოს სახით იხილოს მორჩილი ვასალი. აი, ამაშია შეუთანხმებლობა. მათ უბრალოდ არ აკმაყოფილებთ ის, რომ საქართველო თავისი ინტერესების დაცვით მიდის ევროინტეგრაციის გზაზე
პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი
ვიდეო/კადრი
ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას სურს საქართველოს სახით იხილოს ვასალი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, უთანხმოების მიზეზი არის სწორედ ის, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში უპირობო მორჩილებაში არ იმყოფება.
„ის ფაქტი, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროკავშირი და დასავლური ინტეგრაციაა, ეს ეჭვს არ იწვევს. ასევე, ეჭვს არ იწვევს ის, რომ ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია და ინტეგრაცია ამ რეგიონთან მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის.
რასაც ვხედავთ თანამედროვე გლობალური ვითარების გათვალისწინებით არის ის, რომ ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველოს სახით იხილოს მორჩილი ვასალი. აი, ამაშია შეუთანხმებლობა, სხვა არაფერში. ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში ევროინტეგრაცია მიმდინარეობს. მიმდინარეობს ასოცირების შეთანხმების განხორციელება. მათ უბრალოდ არ აკმაყოფილებთ ის, რომ საქართველო თავისი ინტერესების დაცვით მიდის ამ გზაზე. ეს არის განხეთქილების მიზეზი.
რას გვედავებიან?! - გვედავებიან იმ ორ კანონს, რომელიც ხელს უშლის გარკვეული გლობალური ძალების და არა ევროკავშირის ინტერესების განხორციელებას საქართველოში. ერთი კანონი არის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შავი ფულის საშუალებით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას ვერ შეძლებენ. და მეორე კანონო „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონი, ეს არის ღირებულებების შესახებ კანონი, რომელიც მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოების მართვა გაცილებით იოლია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან უნგრეთთან პარალელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მადიარის ხელისუფლებამ ყველაფერი უცვლელი დატოვა, გარდა ერთისა, ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობის შესახებ კანონი და ამის შემდეგ ამ ქვეყნის ურთიერთობა ევრობიუროკრატიასთან დალაგდა.
„ახლა ჩვენ რას ვხედავთ არის ის, რომ ევრობიუროკრატიისთვის საქართველო გამოუყენებელია მათი მიზნებისთვის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე არსად გამქრალა.





