ეკა სეფაშვილი: დიალოგის დაწყებას რად უნდა ულტიმატუმების წამოყენება?! დიალოგის სივრცე ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაცია რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან
პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი
ფოტო: იმედი/კადრი
დიალოგის დაწყებას რად უნდა ულტიმატუმების წამოყენება?! დიალოგის სივრცე ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაცია რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას მარტა კოსის გუშინდელი განცხადების შეფასება სთხოვა, სადაც ევროკომისარი აცხადებს, რომ მიუხედავად შენიშვნებისა, მაინც ვერ ახერხებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებიდან გამომდინარე, საქართველო მაინც არის დაკავშირებადობის დღის წესრიგში. წამყვანი დაინტერესდა, არის თუ არა ეს განცხადება დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი.
„ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი. ისინი საუბრობენ ვითომ დიალოგზე და რეალურად, არავითარი დიალოგის დაწყება მათ არ სურთ. მათ სურთ თავიანთი ულტიმატუმების შესრულება, რაც კანონმდებლობების უკან გაწვევაში, „ვეტინგის“ სისტემის შემოღებაში მდგომარეობს. დიალოგი მათ თავად შეწყვიტეს იმიტომ, რომ უნდოდათ ამ პროცესის გამოყენება საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებისათვის. დიალოგის დაწყებას რად უნდა ულტიმატუმების წამოყენება?! საჭიროა უბრალოდ დავსხდეთ და იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის აზრით პრობლემატურია, ან ჩვენი აზრითაა პრობლემატური, ღიად და გახსნილად ვისაუბროთ.
სწორედ ეს დიალოგის სივრცე ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაცია რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას. რაც შეეხება მარტა კოსის განცხადებას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საბედნიეროდ, ევროკავშირში არსებობს საღი აზრი, რომელიც ეწინააღმდეგება გადამჭრელი და უსამართლო ზომების მიღებას, რომლის შედეგადაც, საქართველოში კიდევ უფრო გამძაფრდება ანტიევროპული განწყობები, რომელიც ბოლო პერიოდში მომატებულია სწორედ მათი ასეთი უსამართლო განცხადებების გამო“, - აღნიშნა სეფაშვილმა.





