ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადასხვა მექანიზმს, მათ შორის, მოსამართლეთა შემოწმების ე.წ. „ვეტინგის“ სისტემას ითხოვენ.
როგორც ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართ გარე აქტორების ინტერესი და სასამართლოსთვის შესაძლო სანქციებზე მინიშნებები მართლმსაჯულებაში ჩარევის სახიფათო ტენდენციაა.
„უკვე რამდენი ხანია ცდილობენ, რომ როგორმე საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო ხელისუფლება. ამას ფაქტობრივად არც მალავენ. გნებავთ, იგივე „ვეტინგის“ ანუ მოსამართლეთა შემოწმების მექანიზმი, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი, უხეში და მიზანმიმართული ჩარევა იმ პროცესში, რასაც საქართველოში მართლმსაჯულების აღსრულება ჰქვია.
სხვათა შორის, ეს მათი აბსოლუტურად მანკიერი მიდრეკილება სხვადასხვა კონტექსტშიც ვლინდება, როდესაც ისინი უკვე კონკრეტულ საქმეებზე მიუთითებენ. მაგალითად, ახსენებენ თვითნებურად დაკავებულ პირებს მაშინ, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენებია გამოტანილი, ან როდესაც ამა თუ იმ ეპიზოდში მსჯავრდებული პირები თავადვე აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას და აღიარებენ იმ ბრალდებას, რომელიც მათ პროკურატურამ წარუდგინა“, — აღნიშნა ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, გარე ძალები, რომლებსაც არაჯანსაღი სურვილი აქვთ, ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი ინტერვენცია განახორციელონ, ამით პირდაპირ უპირისპირდებიან საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.
„რაც შეეხება მათ დაინტერესებას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართ, პირდაპირ შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ იმასთან, რასაც საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებაში ნეგატიური ჩარევა ჰქვია.
ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემჩნეულნი არიან სხვადასხვა გარე ძალის დავალებების შესრულებაში და სასამართლო დარბაზში მოპასუხის სავარძელში იმყოფებიან, ამ გარემოებითაც სარგებლობენ. მათ შორის, სასამართლო დარბაზშიც არ ერიდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ფაქტობრივ შანტაჟს და აკეთებენ ისეთ ირიბ მინიშნებებს, რომ თუკი მათთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის გამო შესაძლოა სანქციები დაწესდეს.
ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, რომელიც ევრობიუროკრატიის მხრიდან შეინიშნება. მათთან ერთად სინქრონულად მოქმედებენ შესაბამისი ადგილობრივი აგენტურული ძალებიც. მეორე მხრივ, ეს საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში პირდაპირი ჩარევის მცდელობაა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, — განაცხადა ჭეიშვილმა.





