თელავში პარლამენტის სოფლის მეურნეობისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა დოლიძემ წარადგინა.
მინისტრის მოადგილემ პარლამენტის წევრებს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგები გააცნო. ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო მხარდაჭერით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 300 მილიონ ლარს აღემატებოდა.
ლაშა დოლიძემ აგროდაზღვევის, ბიოწარმოების, თხილის წარმოებისა და მეფუტკრეობის მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2025 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ცხრა საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი მოეწყო.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებულ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია, ერთი პროექტის ფარგლებში განახორციელონ.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სექტორში დიასპორასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ლაშა დოლიძემ სოფლის განვითარების სააგენტოს იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლითაც სარგებლობის საშუალებაც დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ. მან პარლამენტის წევრებს დიასპორის წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებით სარგებლობის კონკრეტული მაგალითები გააცნო.
სხდომაზე აღინიშნა, რომ სააგენტოს პროგრამები შესაძლებლობას ქმნის, ხელი შეეწყოს დიასპორული ინვესტიციების განხორციელებას, სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაციასა და თანამემამულეებს შორის სამშობლოსთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.
სოფლის მეურნეობისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომას, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.





