პაპუაშვილი: დემოკრატია არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი პოლონეთის სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკაში აქვს გატარებული, არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი, არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტური იუგოსლავიის გაზრდილია
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღია მხილების ეს მცდელობები შევაჩერეთ, დღემდე ვხედავთ თუნდაც მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევის მცდელობას, მათ შორის გუშინ პაველ ჰერჩინსკის მხრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის მცდელობა, რომ მიიტაცონ საქართველოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება.
„თქვენ გახსოვთ კელი დეგნანის ელჩობის დროს, საერთო სასამართლოების მოსამართლე რომ დაიბარეს და მოსთხოვეს პასუხი, თუ არ ვცდები, გვარამიას საქმეზე. ამას ბედავდნენ დიპლომატები. წარმოიდგინეთ საქართველოს ელჩი აშშ-ში რომ მივიდეს და უთხრას, ესა თუ ის გადაწყვეტილება რატომ მიიღეო, იმავე საღამოს პირდაპირი რეისით გამოუშვებენ საქართველოში, იმიტომ რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა. ჩვენ არავისგან არ გვესწავლება დემოკრატია. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლონეთში აქვს გატარებული, არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომენკლატურის ელიტურ ოჯახში - ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი, არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტური იუგოსლავიის გაზრდილია და რომლის მიმართაც ბრალდებები არსებობს იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? ყველამ თავის ისტორიას გადახედოს. სად იყო გერმანია 80 წლის წინ, სად იყვნენ სკანდინავიური ქვეყნები, შვედეთი, დანია, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ევგენისტურ ტესტებს და ექსპერიმენტებს ატარებდნენ, სადაც დანიის ხელისუფლებამ (მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზეა საუბარი) საკუთარი, (ვგულისხმობ გრენლანდიას) ქალი მოსახლეობის ნახევარის ფარული და იძულებითი სტერილიზაცია ჩაატარა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





