პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს. საქმე ეხება კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებას
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად პარლამენტში დამტკიცებულ კანონს ეხებოდა.
„სინამდვილეში ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. ლაპარაკია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და საქმე ეხება აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებას. შესაბამისად, აქ არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე თვითონ, მაგალითად, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელო არის ის ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტი ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, საბოლოოდ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ლობისტებს, რეალურად ლობისტები კი არ ჰყავს, ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს გავიგე მას შემდეგ, რაც ინიციირება მოხდა, მერე გაკეთდა კონკრეტული განცხადებები. იმიტომ არ ვიცოდი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





