„ლელო“ ელისაშვილს გაემიჯნა: „ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს“
პოლიტიკა

თორნიკე ართქმელაძე
ფოტო: facebook
ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, - ამის შესახებ ,,ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
ართქმელაძის განმარტებით, ელისაშვილს რაიმე სახის ორგანიზაციული კავშირი „ძლიერი საქართველო - ლელოსთან“ არ გააჩნია და ის სხვა პოლიტიკური პარტიის - „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისივე თქმით, მოსარჩელე მხარე ცდილობს, რომ სხვა პარტიის თავმჯდომარის ქმედება „ლელოს“ აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად გამოიყენოს.
„იმ პოლიტიკური პარტიის წევრი, რომლის აკრძალვის საკითხიც განიხილება, ელისაშვილი არასდროს ყოფილა. ეს არაერთხელ განაცხადა, სხვათა შორის, თავადაც და ბოლოს რამდენიმე დღის წინ გააკეთა ეს განცხადება. მეტსაც გეტყვით, არსებობს პოლიტიკური პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, არსებობს 2025 წლის 1-ელი სექტემბრის ამონაწერი, რომლის თავმჯდომარეც არის ალექსანდრე ელისაშვილი. მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს.
არანაირი ორგანიზაციული კავშირი ალექსანდრე ელისაშვილს პარტიასთან „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ არ აქვს. 2024 წელს, რადგან ბლოკები აკრძალული იყო, ეს მაშინ იყო საარჩევნო თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, ერთი ადამიანი იყოს ერთდროულად ორი პარტიის წევრი,“ - აღნიშნა თორნიკე ართქმელაძემ.
ცნობისათვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრე ელისაშვილი „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ სიის მე-20 ნომერი იყო.





