ფრაქცია „ხალხის ძალის“ წევრებმა თბილისის საკრებულოში საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს
პოლიტიკა
ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა მოსახლეობას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
საკრებულოს ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია წიკლაურმა; ნაძალადევი 1-ის (ზღვის უბანი, „თემქა“) მაჟორიტარმა ირაკლი ბენდელიანმა და ამავე ფრაქციის წევრმა ოთარ ჩრდილელმა საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს, რომლებიც თავიანთი მანდატის ფარგლებში განახორციელეს.
ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაურმა მოსახლეობას როგორც საკრებულოში, ასევე სამაჟორიტარო ოლქში გაწეული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოქალაქეებთან პირდაპირი ურთიერთობა მისთვის, როგორც მაჟორიტარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ზაქარია წიკლაურის თქმით, საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარის წარმომადგენლობაში სულ 80 წერილი შევიდა. დეპუტატის თქმით, მოსახლეობის თხოვნები, ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, ფინანსურ დახმარებასაც ეხებოდა.
როგორც ზაქარია წიკლაურმა განაცხადა, 2025-2026 წლებში სამგორის რაიონში 10-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გზების მოასფალტების და დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების გარდა, მის სამაჟორიტარო ოლქში მოეწყო სარწყავი და სანიაღვრე სისტემები; დამონტაჟდა გარე განათების ბოძები; შშმ პირებისთვის მოეწყო პანდუსები; დამონტაჟდა სიჩქარის შემზღუდველი საშუალებები. ამას გარდა, ზაქარია წიკლაურის თქმით, სამგორის რაიონში მოეწყო და განახლდა სკვერები, გადაიჭრა სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურული საკითხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტული კომპლექსის სახურავს. რაც შეეხება სამგორის რაიონში მიმდინარე პროექტებს, როგორც ზაქარია წიკლაურმა განაცხადა, აფრიკის დასახლებაში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
ზაქარია წიკლაურმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტებიც შეაჯამა. მისი თქმით, 2025-2026 წლებში პროექტის ფარგლებში შეკეთდა წყალსაწრეტი მილები და სახურავები; შეიცვალა ლიფტები; ჩატარდა ლითონის კარების სამონტაჟო სამუშაოები; გაკეთდა წყალ-კანალიზაციის ქსელი.
ზაქარია წიკლაურმა მოსახლეობას ინფორმაცია საკრებულოში მის მუშაობაზეც მიაწოდა. ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის გარდა, იგი თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და სარევიზიო კომისიების, ასევე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრია. ზაქარია წიკლაურმა აღნიშნული კომისიების საქმიანობაც შეაჯამა.
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას ნაძალადევი 1-ის (ზღვის უბანი, „თემქა“) მაჟორიტარმა წევრმა ირაკლი ბენდელიანმაც გააცნო. როგორც მის ანგარიშშია ნათქვამი, 2025-2026 წლებში ნაძალადევი 1-ში საგზაო ინფრასტრუქტურა 26 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 40 მისამართზე შესრულდა. ამას გარდა, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სანიაღვრე და წყალარინების ქსელი ორ მისამართზე მოეწყო, ზღვისუბნის დასახლებაში მდებარე სკვერს კი კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებითა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ქუჩის ტროტუარზე ლითონის ჯებირები მოაწყო. აღნიშნულ მისამართზე დაგეგმილია ქვეითთა გადასასვლელის დახაზვა და შუქნიშნის მონტაჟი.
ირაკლი ბენდელიანმა სამაჟორიტარო ოლქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის შესახებაც ილაპარაკა. მისი თქმით, ზღვისუბნის დასახლებაში აქტიურად გრძელდება არსებული გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობა. ბალახის საფარის გათიბვა, ხე-მცენარეების გასხვლა და სხვა. დეპუტატის განცხადებით, გასუფთავდა და მოწესრიგდა ათობით ჰექტარი ტერიტორია.
ირაკლი ბენდელიანმა თავის ანგარიშში ყურადღება სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების უფლებამოსილება დელეგირების წესით რაიონულ გამგეობას გადაეცა, მიმდინარე წელს N154 სკოლაში სადრენაჟე არხის ქსელი მოეწყო; N138 სკოლაში კი პროფესიული განათლების სფეროში ფოტოხელოვნების სასწავლო ოთახის მოწყობა მიმდინარეობს.
რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს, როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ჯამში 98 პროექტი განხორციელდა.
დეპუტატის თქმით, სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტიანად შესრულების მიზნით, მას მუდმივი კავშირი აქვს კომპანია GWP-თან. ამას გარდა, გარკვეული პერიოდულობით დელეგატსა და გამგებელთან ერთად მონაწილეობს სამუშაო შეხვედრებში, რომლებზეც ყოველ მომდევნო კვარტალში შედგენილი გეგმა და უკვე შესრულებული პროექტები განიხილება.
რაც შეეხება ნაძალადევი 1-ში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს, ირაკლი ბენდელიანის თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაციაზე მუშაობს. მომავალ წელს კი მე-10ა კვარტალში მდებარე გამწვანებულ ზოლში სკვერის მოწყობა იგეგმება. ამას გარდა, დაგეგმილია აბაის ქუჩის სრული განახლება.
თავის ანგარიშში ირაკლი ბენდელიანმა ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე გარემოს დაცვის კომისიებში თავისი საქმიანობაც შეაჯამა.
დღესვე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოწვეულ სტუმრებს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ ჩრდილელმაც გააცნო. მან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიების მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილა.
დეპუტატმა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროგრამებიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამა გამოყო. მისი თქმით, უფასო სკრინინგი დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ასაკის თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს უტარდებათ, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს. დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეირჩა 27 წამყვანი კლინიკა და საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს მომსახურებას უწევენ.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის საქმიანობას, ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ 2026 წლის განმავლობაში თბილისში რეგისტრირებული 1500 მოქალაქე 80-მდე სპეციალობაში გადამზადდა. როგორც დეპუტატის ანგარიშშია ნათქვამი, 2026 წლის ბიუჯეტით, მოკლევადიან პროგრამებში 2600-მდე მოქალაქე გადამზადდება, საუკეთესო კურსდამთავრებულები კი კერძო ორგანიზაციებში 2-თვიან ანაზღაურებად პრაქტიკას გაივლიან.
ოთარ ჩრდილელმა სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების შესახებაც ილაპარაკა. ითქვა, რომ საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1400 სოციალურად დაუცველი, 610 მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და 46 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი, 439 მაგისტრანტმა კი მიიღო თბილისის მერიის ფინანსური წახალისება. გარდა ამისა, როგორც ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, მიმდინარე სემესტრში გაიზარდა მაგისტრანტების ფინანსური წახალისება და 562.50 ლარის ნაცვლად, ისინი 1000 ლარს მიიღებენ.
ოთარ ჩრდილელმა განათლებისა და კულტურის კომისიის მუშაობაც შეაჯამა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ დეპუტატების ანგარიშს თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.





