პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს მოუსმინა
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა.
მომხსენებელმა სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასა და ძირითად სფეროებზე ილაპარაკა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში ოთხი მოკვლევა ჩატარდა. ორი მოკვლევისას მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება გამოვლინდა, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ჭარბი ფასის დაწესება ფარმაცევტულ ბაზარსა და რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევებში გამოვლინდა. შესაბამისად, დამრღვევი კომპანიების მიმართ ფულადი ჯარიმები დაწესდა.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, სამსახური სხვადასხვა სფეროს მონიტორინგს აქტიურად ატარებს. ეს შეეხება ბაზრობების, საწვავის, სწრაფი მოხმარების პროდუქციის, აგროსასუქების, თამბაქოს, ასევე სამედიცინო სერვისების სფეროებს. მისი თქმით, სააგენტო პერიოდულად შუალედურ ანგარიშებს აქვეყნებს, რის საშუალებითაც შეფასებულია ბაზრებზე კონკურენციის ხარისხი და არსებული ტენდენციები.
„2025 წელს სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა და 24 ათასამდე რეგისტრირებული ბიზნესის გაერთიანება გადაამოწმა. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ საქართველოში განხორციელებულ ყველა კონცენტრაციას, რომლის შესახებ ინფორმაციას სამეწარმეო რეესტრიდან კვარტალურად ვიღებთ. შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტები ჯარიმდებიან. 2025 წელს 18 შემთხვევიდან 9-ში დარღვევა იყო. შედეგად, შესაბამისი სანქციები იქნა გამოყენებული“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების მხრივ, 2025 წელს განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა, რაც მომხმარებელთა ცნობიერების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. ყოველწლიურად, საშუალოდ მოქალაქეები კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ჩართულობით, დაახლოებით 1 მილიონ ლარს იბრუნებენ.
ირაკლი ლექვინაძემ ანგარიშის წარმოდგენისას ანტიდემპინგურ სფეროზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ამ მხრივ სააგენტომ 2025 წელს ერთი საქმის წარმოება დაასრულა, რომელიც რუსეთიდან და ირანიდან არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს შეეხებოდა. ჩატარებული კვლევის შედეგად, დემპინგური ფასების სხვაობა გამოვლინდა, თუმცა სააგენტოს მიერ ტარიფის შემოღებაზე რეკომენდაცია არ გაიცა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლის იანვრიდან უკვე ამოქმედებული იყო დამცავი ტარიფი არმატურის იმპორტზე, რამაც უზრუნველყო სამართლიანი ფასების ფორმირება და ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის ეფექტიანი მექანიზმი.
კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხისი ფორმატით გაგრძელდა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას“ გაეცნენ. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კახეთში ბადიაური-ბაკურციხის 31-კილომეტრიანი და გურჯაანი-თელავის 36.6-კილომეტრიანი გზების მშენებლობის დაფინანსების მიზნით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი 25 წლის ვადით საქართველოსთვის სესხს, 158 მილიონ ევროს გამოყოფს.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა სასესხო ხელშეკრულების სარატიფიკაციო დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.




