იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა წარმოადგინა.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან ორ თვეში ერთხელ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იხილავს და არკვევს, ისევ არის თუ არა აშკარა ის საფუძვლები, რომელთა მიხედვითაც დაინიშნა მკურნალობა.
კანონპროექტით, კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.
ამასთანავე, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან 6 თვეში ერთხელ, ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტაციასთან ერთად უგზავნის სასამართლოს და სასამართლო იხილავს, ისევ არის თუ არა აშსკარა ის საფუძვლები, რომლებზე დაყრდნობითაც შეეფარდა მკურნალობა.
კანონპროექტის გარდამავალი დებულების თანახმად, განხილული ცვლილებები ყველა იმ პაციენტზე გავრცელდება, რომელიც ამჟამად მკურნალობის პროცესს გადის.
ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება კანონმდებლობაში აისახება.





