პაპუაშვილი: სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა, რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებენ. აქ რას ვხედავთ? - ეს სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სერბეთში ხედავდით, რომ ეს ოპოზიციური ჯგუფი ხატებით გამოდიოდა აქციებზე. მათი პლატფორმაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, მათი პლატფორმაა, რომ კოსოვო სერბეთის ნაწილია და მას არასდროს აღიარებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ოპოზიცია ანტიქართული წარმონაქმნია, რომლისთვისაც „ეროვნული ინტერესი მეჩვიდმეტეხარისხოვანია“.
„აქ რას ვხედავთ? - ვხედავთ, რომ ეს ფსევდორელიგიური სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ეს სექტა ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობენ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ. ასე რომ, ესენი სერბეთშიც დამარცხდებოდნენ, რადგან არ აქვთ ეროვნული ღირებულებების გააზრება.
ჩვენთან ხომ სცადეს ჟურნალისტების, ენჯეოების, პარტიების რევოლუცია და არ გამოუვიდათ. ბოლოს ლამის უცხო ქვეყნის ელჩების და პოლიტიკოსების რევოლუცია სცადეს და არ გამოუვიდათ. რადიკალური ოპოზიცია ეროვნული შინაარსისგან არის დაცლილი, მათ ხელოვნურადაც არ შეუძლიათ თქვან, რომ ქრისტიანული ღირებულებები საქართველოს იდენტობის მთავარი საფუძველია. ხელოვნურადაც არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესებია და არ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს ტერიტორიებზე კომპრომისი არ იქნება. ასე რომ, არ არსებობს არცერთი შესაძლოა ვარიანტი, როდესაც ამ ანტიქართულმა აგენტურულმა ძალამ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს საქართველოში
ყველაზე ბოლოს, უნგრეთის მაგალითზე უნდა მიმხვდარიყო ეს ფსევდოლიბერალური სექტა, რომ საკითხი არა პროევროპულობას, პრორუსულობას ან პროამერიკულობას ეხება, არამედ ვნახეთ, რომ მადიარი არის პროუნგრული განწყობის, ეს არის მთავარი, რომ ის ისე მოქმედებს, როგორც უნგრეთის ეროვნული ინტერესებისთვის არის საჭირო. ხედავთ, რომ საგარეო პოლიტიკური მიმართულებითაც დიდი არაფერი შეცვლილა. სერბეთშიც იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა. სერბეთში ის ძალა, რომელმაც გაიმარჯვა, ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმია ჩასატარებელი. ეს ძალა ამბობს, რომ კოსოვო არის სერბეთის შემადგენელი ნაწილი და არასდროს აღიარებენ მის დამოუკიდებლობას, თორემ სერბეთშიც იყვნენ ისეთივე პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისე ფიქრობდნენ როგორც ნიკა გვარამია, რომ კოსოვო ტრავმაა, რომელიც უნდა მოიცილონ და წინ გაიხედონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





