არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ერთია მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და მეორეა რეალობა, მათ მიერ გადადგმული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები.
„დღეს გაიხსნება სხდომა, სადაც შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, განჩინება გამოცხადდება სასამართლოს მხრიდან. შემდეგ, პროცედურის მიხედვით არის მომხსენებელი მოსამართლის მოკლე ინფორმაციის მიწოდება სარჩელთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე მოსარჩელის ახსნა-განმარტება იქნება წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის. ამდენი ხნის განმავლობაში რომ ითხოვდნენ, ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც რომ გაიგეს სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება, ეს იქნება დეტალურად განხილული. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები, სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ. ყველა ის ქმედება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2021 წლიდან, მაგალითად, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ არადემოკრატიულ, არასახელმწიფოებრივ ქმედებებს, ესეც იქნება ხაზგასმული. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მათვე შეერაცხებათ ის ქმედებები, რასაც არ გაემიჯნნენ და პირდაპირ კოალიციაში შესვლით დაეთანხმნენ. ერთია, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და მეორეა რეალობა, მათ მიერ გადადგმული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ცენტრალური ნაწილის განხილვით გრძელდება. სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული.





