ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშს მოისმენენ
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
26 ოქტომბერს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშს მოისმენენ.
ანგარიშს კომიტეტის წევრებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე წარუდგენს.
77-გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ისტორიაში 2025 წელი ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც წარმატებული.
„დაარსებიდან 12 წლის თავზე სააგენტომ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა როგორც ქვეყნის შიდა ბაზრებზე გავლენის თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო აღიარებისა და ჩართულობის დონეზე.
გამორჩეულად მსურს აღვნიშნო გასული წლის ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევა. პირველი - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საქართველოს სახელით მოიპოვა მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პრეზიდენტობა 2026–2027 წლებში, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მაჩვენებელია. აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს 90-ზე მეტ ქვეყანას და ეხმარება მათ საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარებაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში. ამ რანგის ფარგლებში საქართველო 2026 წლის სექტემბერში უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა დაკავშირებულია მსოფლიო ბანკის აღიარებასთან. GCCA დაჯილდოვდა ფარმაცევტულ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებებისათვის, რომლის შედეგად განხორციელებულმა რეკომენდაციებმა შექმნეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მომხმარებელთა გარემოზე“, - აღნიშნულია ირაკლი ლექვინაძის ანგარიშში.





