არჩილ გორდულაძე: ხუთივე პარტიას ერთად რატომ გვასამართლებთო - მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომ ისინი, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები სამართლდებიან ერთად
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ისინი, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები სამართლდებიან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართლებრივად დავასაბუთოთ, თუ რატომ არის საჭირო მათი გაუქმება და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად გამოცხადება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, რეალურად ეს არის სხვადასხვა პარტიად დაშლილი ერთი ძალა, რომელიც იბრძვის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
„ხუთივე პარტიას ერთად რატომ გვასამართლებთო და პასუხი ძალიან მარტივია. მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები. მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომ ისინი როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები სამართლდებიან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართლებრივად დავასაბუთოთ, თუ რატომ არის საჭირო მათი გაუქმება და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად გამოცხადება. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 5 პარტია არსად აკრძალულაო, მაგრამ სამი აკრძალულა. ესენი რაოდენობრივად ითვლიან. რეალურად ისინი ე.წ. პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით, ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ იბრძვიან“, - აღნიშნა გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს. მორიგი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.




