ნინო წილოსანი: ის, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ უცხოელი ოფიციალური პირებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არაფერია სხვა, თუ არა ზეწოლა სასამართლოზე
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ის, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ უცხოელი ოფიციალური პირებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არაფერია სხვა, თუ არა ზეწოლა სასამართლოზე, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამ განცხადებების პარალელურად კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვამ კარგად დაანახა ყველას, რა განსხვავებაა პოლიტიკურ ხმაურსა და სამართლებრივ არგუმენტაციას შორის.
„ის, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ უცხოელი ოფიციალური პირებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არაფერია სხვა, თუ არა ზეწოლა სასამართლოზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გუდრუნ კუგლერმა, საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტა მოითხოვა;
ევროკომისიის პრესსპიკერმა, კრისტიან ვიგანდმა, მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთება გამოხატა;
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კათრინ დეშაუერმა, პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვა საგანგაშოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს პროცესი საქართველოს ევროკავშირს აშორებს;
ევროკავშირმა და პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობაზე დაწესებული საკანონმდებლო შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდეს.
და ეს მაშინ, როცა თავად ევროკავშირის ქვეყნებში არაერთი პარტიაა აკრძალული , ხოლო მთელი ევროპული ფასეულობების ქვაკუთხედი კანონის უზენაესობაა.
ახლა აღმოჩნდა, რომ კანონის უზენაესობა მათთვის პირობითი ცნებაა და თუკი უცხოელ პატრონებს თავიანთი მოკავშირე რადიკალების გადარჩენა სურთ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე თავდასხმაც მისაღები ხდება...
ამ განცხადებების პარალელურად კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვამ კარგად დაანახა ყველას, რა განსხვავებაა პოლიტიკურ ხმაურსა და სამართლებრივ არგუმენტაციას შორის.
- არანაირი გამართული სამართლებრივი პოზიცია , სრულიად აცდენილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური გზავნილები;
- არც ერთიანი სტრატეგია და არც ელემენტარული თანმიმდევრულობა- მთელი ეს პროცესი მათ მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასამართლო განხილვას;
- დეკანოიძისა და წითლიძის პოლიტიკური თოქშოუ კი ისეთივე იაფფასიანი იყო, როგორც მათი ტვ პირველის ეთერები.
აქ პოლიტიკური ლოზუნგები ვერ ჩაანაცვლებს მტკიცებულებებს და მათდა სამწუხაროდ, ვერც ემოციური გამოსვლები იქნება სარჩელში დასმულ სამართლებრივ საკითხებზე პასუხი.
საბოლოო სიტყვა ეკუთვნის კონსტიტუციაზე დაყრდნობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და არავითარ შემთხვევაში უცხოელ პოლიტიკოსებს თუ პოლიტიკურ მასხარებს“, - წერს წილოსანი.





