„ლელოს“ წევრმა მოითხოვა ვენეციის კომისიის ექსპერტების საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრება ისე, რომ მათთან ამაზე საუბარიც კი არ ჰქონია. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„ლელოს“ წევრმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასურველია სხდომებს ვენეციის კომისიის 3 ექსპერტი დაესწროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ექსპერტების შეხედულება აღნიშნულ სხდომებთან დაკავშირებით.
მოსამართლე დაინტერესდა, აქვს თუ არა ვენეციის კომისიის ექსპერტებისგან თანხმობა შუამდგომლობის ავტორს, რომ დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩამოვლენ და მიიღებენ მონაწილეობას, რაზეც „ლელოს“ წევრმა განაცხადა, რომ მას ამასთან დაკავშირებით საუბარი ვენეციის კომისიის ექსპერტებთან არ ჰქონია.
როგორც მოსამართლეებმა განმარტეს, ისინი ვერ ხედავენ სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვის საჭიროებას.
„ამ ექსპერტების იურისტებად მოწვევის შუამდგომლობა ძალიან დაუსაბუთებელია სასამართლოსთვის. კონკრეტულად ამ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, რაში დაეხმარებოდა სასამართლოს, რა მეტ სიცხადეს შესძენდა საქმის განხილვას და რაში დაეხმარებოდა უშუალოდ მხარეს, გაუგებარი იყო და სასამართლომ ეს ვერ მოისმინა. ევროპელი კარგი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ. ამ საქმის განხილვისთვის თუ რა იქნებოდა და რით დაგვეხმარებოდა, ეს არის დაუსაბუთებელი. აქედან გამომდინარე ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით კი, ის ნორმები, რომლებზეც ხსენებულმა ექსპერტებმა მოამზადეს ვენეციის კომისიის დასკვნა, არ არის კავშირში მიმდინარე პროცესთან - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებასთან.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სასამართლო განხილვები გრძელდება.





