იოსებ ჯორბენაძე: ჩვენი მოპასუხეები, ერთი შეხედვით, ამ პროცესის გაჭიანურებას უწყობენ ხელს. სიმართლე გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს პროცესი სამდღიანი იქნება თუ სამჯერ სამდღიანი, ვერ ვხვდები
პოლიტიკა

ჩვენი მოპასუხეები, ერთი შეხედვით, ამ პროცესის გაჭიანურებას უწყობენ ხელს. სიმართლე გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს პროცესი სამდღიანი იქნება თუ სამჯერ სამდღიანი, ვერ ვხვდები, — განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა იოსებ ჯორბენაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე მსჯელობისას.
მისი თქმით, ამ პარტიების აკრძალვას ხალხი უკვე დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ამ პროცესის დაწყებას ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით იმ სიმაღლეზე დგომა სჭირდებოდა, რომელზეც ის ახლაა.
„ეს სარჩელი, რომელიც შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენი საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა გახლდათ. ხშირად, სხვათა შორის, გვესმოდა სამართლიანი, ლეგიტიმური შენიშვნები ხალხის მხრიდან, თუ რატომ ჭიანურდებოდა ეს პროცესი და აქამდე რატომ არ ჩატარდა ამ წლების განმავლობაში. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. უმთავრესი გახლდათ პირველ ეტაპზე ძალდატანებული, თავსმოხვეული კოჰაბიტაციის პროცესი, რამაც ხელი შეუშალა ბევრი რამის გამოსწორებას იმ პერიოდისთვის. შემდეგ სხვადასხვა ეტაპზე როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოში მყოფი ადამიანებისგან გათავისუფლების პროცესი — ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, იმართებოდნენ ქვეყნის გარედან სხვადასხვა ძალის მხრიდან. ამასაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს უმტკივნეულოდ უნდა გაკეთებულიყო. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უნდა მისულიყო იმ სიმაღლემდე სუვერენიტეტთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება დგას“, - აღნიშნა ჯორბენაძემ.
მან ასევე შეაფასა მიმდინარე სასამართლო პროცესის განვლილი ორი დღე.
„ეს სარჩელი არის ძალიან მაღალკვალიფიციურად შედგენილი, მომზადებული, არგუმენტებზე დაფუძნებული. როგორც შევხედეთ გუშინ და დღეს, ძირითადად ჩვენი მოპასუხეები სხვადასხვა შუამდგომლობას აყენებენ და, ერთი შეხედვით, ისინი ამ პროცესის გაჭიანურებას უწყობენ ხელს. სიმართლე გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს პროცესი სამდღიანი იქნება თუ სამჯერ სამდღიანი, ვერ ვხვდები. იმიტომ, რომ, ადრე თუ გვიან, საკონსტიტუციო სასამართლო, დარწმუნებული ვარ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას ამ სარჩელთან დაკავშირებით. აუცილებლად ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ განხილვების საჯაროობა უზრუნველყოფს მიუკერძოებლობას და მათ კომპეტენციაზე ზედმეტია ლაპარაკი“, — განაცხადა ჯორბენაძემ.




