შალვა ნიქაბაძე: 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის შემთხვევაზე და ასევე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის გამო, ევროპის მხრიდან არანაირი სანქციები ქვეყანას არ ჰქონია, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ და არც შეშფოთება ყოფილა
პოლიტიკა

შალვა ნიქაბაძე
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
აკადემიკოსმა, საერთაშორისო იურიდიული ჰაბის მმართველმა შალვა ნიქაბაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპის ქვეყნებში პოლიციის მიერ უხეში ძალის გამოყენების შემთხვევებზე ილაპარაკა, როდესაც საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას არ ეხება.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიციამ ძალა უნდა გამოიყენოს მაშინ, როდესაც აქცია ძალადობრივ სახეს იღებს. სხვა შემთხვევაში პოლიციელს არ აქვს უფლება, დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალოს, თუკი ის მშვიდობიანია. ნიქაბაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიმართ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა გამოიძიონ და პოლიციელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, იგი თანამდებობრივი მუხლით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს.
ნიქაბაძემ კომენტარი გააკეთა იმ შეფასებებზეც, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მიერ კეთდება საქართველოში აქციების დროს პოლიციელთა მოქმედებაზე და ასევე უკომენტაროდ დატოვებულ, უცხოელი სამართალდამცველების ქმედებებზეც.
„ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. ყველაფერი უნდა შეფასდეს იმ სამართლებრივი ნორმებით, რა სამართლებრივ ნორმებშიც მოქმედებდა როგორც პოლიციის თანამშრომელი, ისე - მანიფესტანტი“, - განაცხადა ნიქაბაძემ.
ამასთან, მან გაიხსენა 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის შემთხვევა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმმა ციხეში რამდენიმე ადამიანი მოკლა და ასევე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფაქტი.
„არანაირი სანქციები ამის გამო ქვეყანას არ ჰქონია, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ და არც შეშფოთება ყოფილა ევროპის მხრიდან. ჩვეულებრივად მიიღეს ეს ყველაფერი. მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, თუ როგორ იმეტებდნენ ჩვენს პოლიციის თანამშრომლებს, როდესაც ცეცხლს უკიდებდნენ, მაშხალებს ესროდნენ. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ადეკვატური ძალა იყო გამოყენებული, რადგან რეალობა იყო იმისა, რომ პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეჰქმნოდა. პოლიციის თანამშრომლებმაც ადეკვატურად იმოქმედეს“, - განაცხადა ნიქაბაძემ.




