შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი განცხადებები.
„ნებისმიერი, ვინც გაფართოებასთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღს ასახელებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, უბრალოდ ტყუის. დღეს ვერავინ დაასახელებს კონკრეტულ თარიღს, წელს, როდესაც ზოგადად იქნება ევროკავშირის გაფართოება. მითუმეტეს, ვერ დაასახელებს რომელი ქვეყნები იქნებიან, ვინც ამ გაფართოებაში მოხვდება. ვფიქრობ, ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია, ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ იმით, რომ დღეს თუ არა ხვალ მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება. კითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა სახეს იღებს ევროკავშირი. ვხედავთ, რომ „თამაშის პროცესში“ წესები იცვლება და მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ახალი წევრები მთლად წევრები არ იქნებიან და მეორეხარისხოვანი წევრები იქნებიან. ეს პროცესია, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ არც შიდა პოლიტიკური დისკუსია, არც ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი ლოგიკით, თავისი მიზნების მისაღწევად, გასაძლიერებლად, ქვეყნის გასაერთიანებლად და ამის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა დღეს კისერი წავიტეხოთ, როგორც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა ამას აკეთებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.




