გიორგი ვოლსკი მოლდოვის პარლამენტის სპიკერის განცხადებაზე: ჩვენ არ ვიცით, ეს განცხადება ტრენდია, თუ მისი თავის გამოჩენის მცდელობა
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მოლდოვის ყოფილი ვიცე-პრემიერი იყო ჩამოსული საქართველოში, კონფლიქტების საკითხებთან დაკავშირებით აინტერესებდა რაღაცები და როგორც კომისიის თავმჯდომარე, შევხვდი. მან თქვა, რომ მოლდოვაში კორუფციის ხასიათი და შინაარსი ისეთია, რომ ადამიანებს თუ არ აძლევ ქრთამს, ან კორუფციულ სისტემას თუ არ ხარ აყოლილი, შეუძლიათ საღეჭი რეზინი ამოგიღონ პირიდან, თუ ეს დასჭირდათო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მოლდოვის პარლამენტის სპიკერის განცხადების კომენტირებისას.
მისივე თქმით, თავად დნესტრისპირეთი რუსული გავლენის ქვეშ არის და მთლიანად არის ჩართული კორუფციულ სქემებსა და სისტემებში.
„ფაქტია, ევროპასა და მოლდოვაში კარგად იციან, რომ არამარტო კორუფციაზეა ლაპარაკი, არამედ დემოკრატიის ნიშანწყალია გამქრალი, რადგან იქ ცოტა რთული სიტუაციაა. იქ ოპოზიცია არ არის ისეთი, რომელიც უკეთეს პროგრამას სთავაზობს. იქ არის განწყობა, რომ ენერგეტიკული ურთიერთობა რუსეთთან უნდა იყოს შენარჩუნებული, რისი არარსებობაც განაპირობებს ფასების ზრდას და ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ვიცით, რომ ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას უშველებელი რაოდენობის ენერგეტიკული რესურსი ჯერ კიდევ შეაქვს რუსეთიდან, მაგრამ მოლდოვაში ეს ითვლება, რომ პრორუსულია. ჩვენ მოლდოველი ხალხის მიმართ არ ვამბობთ ამას. გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე, საერთოდ რა იცის, რაშია საქმე. თავის გამოჩენა უნდა. შესაბამისად, მე ვერ გავცემ პასუხს, ეს ტრენდია, თუ მისი თავის გამოჩენის მცდელობა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოლდოვის შურს.





