თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა
პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე
ფოტო: ხალხის ძალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპენსიო მატებაზე განცხადება გააკეთა. 70 წლამდე ასაკის პენსია იზრდება 45 ლარით, ხოლო ზედა ასაკის პენსია - 60 ლარით. პრემიერის გადაწყვეტილება დასაფასებელია. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შობადობის მაღალი მაჩვენებელი ევროპაშიც დადასტურდა, დღეს კი პენსიონერთა რაოდენობა ისტორიულ პიკზეა და ევროპული სახელმწიფოები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპენსიო მატებაზე განცხადება გააკეთა. 70 წლამდე ასაკის პენსია იზრდება 45 ლარით, ხოლო ზედა ასაკის პენსია - 60 ლარით. პრემიერის გადაწყვეტილება დასაფასებელია. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა.
ვინც იცნობს გასული საუკუნის საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებს, მისთვის ეს ჩვეულებრივი ფაქტია, მაგრამ თუ გადავხედავთ ციფრებსა და დღევანდელ რეალობას, მაშინ კარგად გავიაზრებთ, რომ ეს ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იყო პრემიერისგან.
საქართველოში პენსიონერთა რაოდენობა მალე მილიონს გადააჭარბებს. საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 1960-1969 წლების თაობა. ამ წლებში საქართველოში 885 000 ბავშვი დაიბადა - ეს იყო შობადობის პიკი ქვეყანაში. გარდა ამისა, საპენსიო ასაკში უკვე იყო 1950-1959 წლების პირველი პიკური შობადობის თაობა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შობადობის აფეთქება იყო ევროპაშიც და დღეს მათთანაც პენსიონერთა რაოდენობა ისტორიულ პიკზეა. სწორედ ამიტომ დგანან ევროპული სახელმწიფოები დიდი გამოწვევის წინაშე.
კარგია და მისასალმებელი ხანდაზმულთა რაოდენობისა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, მაგრამ ისინი ბიუჯეტიდან თანხის მიმღები ბენეფიციარები არიან, ხოლო მწარმოებელი ფენა რაოდენობრივად იკლებს. სწორედ ამიტომ, ევროპული სახელმწიფოები ასეთ გაბედულ ნაბიჯებს ვერ დგამენ პენსიებთან დაკავშირებით, რადგან ამდენი გასაცემელი, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ხერხემალში გადატეხს სახელმწიფო ბიუჯეტს.
იმავე გამოწვევის წინაშე დგას საქართველოც - ჩვენთან კიდევ უფრო მეტი ტემპით იზრდება ხანდაზმულთა წილობრივი მაჩვენებელი საერთო მოსახლეობაში. სწორედ ამიტომ იყო პრემიერის გადაწყვეტილება საპასუხისმგებლო. ამით ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, რომ გაბედულად გაივლის იმ გზას, რომლის გავლაც დღეს ევროპულ სახელმწიფოებს უჭირთ,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.





