შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალი სტიმული.
შალვა პაპუაშვილმა ვიეტნამის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების მნიშვნელობას დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში.
ვო თჰი ან სუანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპი და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და კულტურის დაცვისკენაა მიმართული.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების პოტენციალი და სექტორული თანამშრომლობის შესაძლო საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ბიზნესის, ინოვაციების, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის პოტენციალზე.
ამასთანავე, აღინიშნა საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვო თჰი ან სუანმა განაცხადა, რომ ვიეტნამი მზად არის გახდეს ხიდი საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის და ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს მომავალ წელს ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთების ახალ დონეზე გადაყვანას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ინჯიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.





