ლევან მაჭავარიანი: მზად ვართ გადავდოთ ყველაფერი. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს უსამართლობა დავივიწყოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ევროკავშირმა იცის ჩვენი ეს პოზიცია, იციან ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა. ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
დეპუტატი გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გაიმართება.
„დღეს ყველა ვხედავთ, რომ გაასმაგებულია შუა კორიდორის მნიშვნელობა, სადაც საკვანძო ადგილს ვიკავებთ. დრო ვერ იცდის და ცალკეული ქვეყნები და მათი საგარეო საქმეთა მინისტრები ღიად საუბრობენ, რომ საჭიროა საქართველოსთან დასხდნენ და განაახლონ რეალური მეგობრობა. ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო. კაია კალასი, რომელიც წარმოადგენს საგარეო ურთიერთობების მიმართულებას, პირდაპირ ღიად აცხადებს, რომ მიუხედავად ამ უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, ამდენი დაფინანსებული რევოლუციური მცდელობისა, ვერ ცვლიან „ქართულ ოცნებას“.
ვერც რევოლუციის გზით შეგვცვალეს და ვერც არჩევნების, ვინაიდან ამ ყველაფრის გარანტი, პირველ რიგში არის ქართველი ხალხი. როგორც ბევრჯერ განვაცხადეთ, მზად ვართ, რომ გადავდოთ ყველაფერი. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს უსამართლობა დავივიწყოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ევროკავშირმა იცის ჩვენი ეს პოზიცია, იციან ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა. ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.





