თენგიზ შარმანაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, მისი მთავარი დანიშნულებაა დაძაბულობის განმუხტვა. როდესაც კალასი ამბობს, რომ ზეწოლა არის მთავარი იარაღი და არა დიალოგი, ამით ყველაფერი ნათქვამია
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, მისი მთავარი დანიშნულებაა დაძაბულობის შენელება, განმუხტვა და ამის ხელშეწყობა, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გაიმართება.
„რეალურად, მათ უნდათ, რომ ყოველგვარი განხილვისა და დაფიქრების გარეშე შევასრულოთ მათი დირექტივები, სუვერენიტეტი მთლიანად გადავცეთ მათ და საერთოდ მოსაზრებები არ გვქონდეს არც ერთ საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ, საგარეო საქმეთა მიმართულება მოწოდებულია იმისთვის, რომ დიალოგი აწარმოოს. დიპლომატიის მთავარი დანიშნულება ომისა და დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, მისი მთავარი დანიშნულებაა დაძაბულობის შენელება, განმუხტვა და ამის ხელშეწყობა. როდესაც ამის ხელმძღვანელი [კაია კალასი] თვითონ ამბობს, რომ ზეწოლა არის მთავარი იარაღი და არა დიალოგი, ამით ყველაფერი ნათქვამია“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.





