პრემიერი: 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც სწორედ სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ეს ადამიანი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე - ეს იყო რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, რასაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად იცავს იმ პრინციპებს, რომელსაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ ეს არის.
„ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც სწორედ სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული. ამ ადამიანებს უნდათ, ხელისუფლებაში დააბრუნონ სწორედ ის ძალა, რომლის ხელწერაც იყო და არის ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის უგულებელყოფა, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ეს, რა თქმა უნდა, სათანადოდ აისახება ქართველი საზოგადოების დამოკიდებულებასა და განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ,“ - აღნიშნა პრემიერმა.





