დეა მამისეიშვილი
თიანეთის საკრებულოში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს განიხილავენ
პოლიტიკა

ფოტო: დეა მამისეიშვილი
“მესამედ, როგორც იქნა გაითვალისწინეს ჩვენი შენიშვნები და ასახეს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ჩვენ მივეცით რეკომენდაციები”- ამის შესახებ თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუჯეტის განხილვის შემდეგ განაცხადა. გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი მხარდაჭერილი იქნება იმ შემთხვევაში თუ საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მას დადებით დასკვნას მისცემს.
“ბიუჯეტთან მიმართებაში საკრებულოს პოზიცია უცვლელია, ჩვენ არ შეგვეძლი მხარი დაგვეჭირა დოკუმენტისთვის, სადაც არ იქნებოდა გათვალისწინებული ელემენტარულად საბავშვო ბაღის კვებისა და გათბობის თანხები, სადაც არ იქნებოდა გათვალისწინებული უპოვართა უფასო სასადილოს გათბობის თანხები,”- ასე განმარტა გიორგი წოწკოლაურმა ორჯერ დოკუმენტის ჩავარდნა.
პიროვნულ დაპირისპირებასა და ზაქარია ქუცნაშვილის შემხებლობას თიანეთის 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გამორიცხავს.
დღეს თიანეთის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა კორექტირებული ბიუჯეტი განიხილეს. სავარაუდოდ 2018 წლის ბიუჯეტი ორშაბათს რიგგარეშე სხდომაზე იქნება განხილული.
როგორც ცნობილია, თიანეთის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორჯერ უკვე ჩააგდო. დოკუმენტის დამტკიცებისთვის საკრებულოს ვადა მარტის ბოლომდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიონში საკრებულოსა და მერის ხელახალი არჩევნები გაიმართება.





