ვატო შაქარიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შედგება ფორუმი, სადაც იქნება მსჯელობა ნეიტრალიტეტის პერსპექტივებთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი და თვისობრივად ახალი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ, რომ პირველად შედგება დისკუსია ნეიტრალიტეტის შესახებ, თანაც ძალიან ფართო საერთაშორისო ჩართულობით
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი
ვიდეო/კადრი
ეს იქნება მნიშვნელოვანი და თვისობრივად ახალი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ, რომ პირველად შედგება დისკუსია ნეიტრალიტეტის შესახებ, თანაც ძალიან ფართო საერთაშორისო ჩართულობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა ფორუმზე, რომელიც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართება.
მისი თქმით, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ასეთი სისტემური მიდგომით საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უმუშავია.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შედგება ასეთი ფორუმი, სადაც იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამეცნიერო აკადემიური წრეებიდან და წარიმართება პრაგმატული მსჯელობა ნეიტრალიტეტის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში საგარეო პოლიტიკაზე, საგარეო პრიორიტეტებზე მსჯელობა არ იმართებოდა. იყო ეს ყველაფერი საკრალიზებული, დოგმებისა და ილუზიების ჩარჩოებში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი დაფუძნებიდან დღემდე შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში უკვე მოვახერხეთ ამ თემის შემოტანა, ინტეგრირება“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, აღარ მუშაობს იარლიყები, როგორიც არის „რუსეთუმე“. ვატო შაქარიშვილის განცხადებით, საქართველომ ძალიან ბევრი დრო დაკარგა და ახლა დროა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
„როდესაც ჩნდება კითხვა, რამდენად დროულია, რამდენად არის ახლა მომენტი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ 35 წლის განმავლობაში ბევრი დრო დავკარგეთ. როგორც კი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ პირველივე დღეებიდან ისე აგვირიეს თავგზა, რომ არაერთხელ გადავიჩეხეთ ამ წლების განმავლობაში. გადავიტანეთ ომები, დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ მსხვერპლი და დღესაც იმ მსოფლიო წესრიგის კუთვნილებად რჩება ჩვენი საგარეო პრიორიტეტები ჩვენი ხელისუფლების, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება და ინგრევა“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ორგანიზებით, თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი, საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა, 5-6 ნოემბერს გაიმართება.





