უსუფაშვილი: გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს მისთვის ყველაზე სასურველი ბრალი წარედგინა
პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, "შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის მოსაზრებით, გირგვლიანის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი იმ მუხლით წარედგინა, რომელიც მისთვის "ყველაზე მეტად სასურველი შეიძლებოდა ყოფილიყო". ამის შესახებ უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
“სტრასბურგის სასამართლო წერდა, რომ გაოგნებული ვართ, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდა სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეში. საქმის გამოძიების ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი დაყვანილია იქამდე, რომ სააკაშვილმა მხოლოდ შეწყალების აქტში ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მთელი ეს სისტემა, რომელიც ამ საქმეში იკვეთებოდა დანაშაულებრივად, რჩება გვერდზე. სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, ისეთ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი მუხლი შეიძლება ყოფილიყო მისთვის.
ასეთ რიხზე სააკაშვილი იმიტომაა, რომ ასეთ ქაღალდებზე, რომელიც განაჩენში იწერება, ენიჭება სერიოზული პოლიტიკური უპირატესობა, რათა მთელ მსოფლიოში ილაპარაკოს, რომ აი რაზე მდევნიანო. ჩვენ გვქონდა უამრავი ფაქტი და ინფორმაცია ამ წლების განმავლობაში დაგროვილი, რომ აქ გაცილებით ღრმა პრობლემებთან გვქონდა საქმე”, - თქვა დავით უსუფაშვილმა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით, 3 წლამდე შეუმცირა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით თქვა, რომ შემაშფოთებელია პროკურატურის მიერ დევნის საფუძვლად შეწყალების შესახებ უფლების კონსტიტუციური მუხლის გამოყენება.
პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, შეწყალების დროს პრეზიდენტს დამნაშავეებთან გარიგების უფლება არ აქვს.
ეს პირველი განაჩენია, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დადგა. პროკურატურა მას რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის და მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადიციას მოითხოვს.





