პაატა სალია ფართომასშტაბიან ამნისტიაზე დასმულ კითხვაზე: იუსტიციის სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება, თუ მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდება. იმაზე, რომ გარკვეული მოქმედებები უნდა განვახორციელოთ პატიმართა რაოდენობის შესამცირებლად, მსჯელობა მიმდინარეობს როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტთან
პოლიტიკა

პაატა სალია
ვიდეო/კადრი
იუსტიციის სამინისტროსთვის და პენიტენციური დაწესებულებისთვის, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება თუ მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადვოკატ ალი ბადიროვის კითხვის პასუხად. ადვოკატს აინტერესებდა, პატიმრების რაოდენობის გათვალისწინებით, მიაჩნია თუ არა მინისტრს ე.წ. საყოველთაო ამნისტიის გამოყენება საჭირო და ამაში სახელმწიფოს ხელს ხომ არ უშლის ის, რომ ფართომასშტაბიანი ამნისტია შეიძლება შეეხოს ისეთ ადამიანებსაც, რომლებმაც „უვარგისი სისტემა შექმნეს 2012 წლამდე“?
პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროება, რომელსაც სამინისტრო ხედავს, არის ის, რომ რამდენიმე დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რაოდენობა ნორმის ზემოთ არის.
„იუსტიციის სამინისტროსთვის და პენიტენციური დაწესებულებისთვის, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება, თუ მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდება. სწორედ ამიტომ გვაქვს არაერთი ღონისძიება გამოყენებული, მათ შორის საბჭოები მუშაობენ აქტიურად. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმაც რამდენჯერმე გამოსცა შეწყალება, თუმცა კონკრეტულად ამნისტიაზე საუბარი სცილდება ჩემს კომპენეტიას, ეს არ არის მინისტრის გადასაწყვეტი. ჩემი პოზიციაა, კარგი იქნება, თუ ნაკლები მსჯავრდებული გვეყოლება, თუმცა სისხლის სამართლის პოლიტიკა არ არის ერთი რომელიმე უწყების საქმე, ამას კომპლექსური მუშაობა სჭირდება, ამაზე ფიქრობენ. თუმცა ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, რომ ამნისტიაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ის, რომ გარკვეული მოქმედებები უნდა განვახორციელოთ პატიმართა რაოდენობის შესამცირებლად, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტთან“, - განაცხადა პაატა სალიამ.





