თბილისის მერმა ილია ელოშვილი ვიცემერად დანიშნა
პოლიტიკა

კახა კალაძე
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი მუშაობას თბილისის ვიცემერის თანამდებობაზე გააგრძელებს. ელოშვილი ამ თანამდებობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.
”დღეს მერის მოადგილის თანამდებობაზე მინდა წარმოგიდგინოთ ილია ელოშვილი. ილია წლების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა ჩემს მოადგილედ. ჩვენ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ 2012 წლიდან. ილიას დამსახურება ძალიან დიდია საქართველოში ენერგეტიკის სფეროს წინსვლაში. ერთიანი ძალისხმევით, ახალი ენერგიით, ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისთვის. ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა წინასაარჩევნოდ 7-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ყველა ის მტკივნეული მიმართულება, რომელიც აწუხებს ჩვენს დედაქალაქს. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი, რომელიც იქნება დაკომპლექტებული პროფესიონალი, კვალიფიციური და პატიოსანი კადრებით. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გიგა ნიკოლაიშვილს, რომელიც იკავებდა მერის მოადგილის თანამდებობას. ის უხელმძღვანელებს დაცვის პოლიციას და წარმატებას ვუსურვებ მომდევნო საქმიანობაში”, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერს სულ 5 მოადგილე ჰყავდა. ესენი არიან: მაია ბითაძე, გიგა ნიკოლაიშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი. ამასთან, მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა გიგა ნიკოლაიშვილმა, რომელიც დაცვის პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა.





