მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე: პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, ბრალდებულის პატიმრობა
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბრალდებულის პატიმრობა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობდა კანონიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის მიზანი იყო კანონის ჩარჩოებში მოქცევა კონკრეტული ბრალდებულისა და მისი ქცევის და არა მისი პატიმრობა.
„სხვა გზა ვერ ექნებოდა პროკურატურას გარდა იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიებების მსუბუქი პირობების დარღვევის შემთხვევაში მოეთხოვა სასამართლოსგან უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. პროკურატურის მიზანი იყო კანონის ჩარჩოებში მოქცევა კონკრეტული ბრალდებულისა და მისი ქცევის და არა მისი პატიმრობა. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა დღეს საქართველოს პროკურატურამ და მან თქვა რომ, თუ დაცვის მხარე, ბრალდებული, გამოთქვამს მზადყოფნას და შეასრულებს გირაოს პირობებს, ის მზად არის შეუცვალოს მძიმე აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თანმიმდევრულია თავის მოქმედებებში, იმიტომ რომ არც ერთ ეტაპზე მას იმ პირობებში თუ ნიკა მელია დაიცავდა გირაოს პირობებს და შეასრულებდა მას, მას პატიმრობა არ მოუთხოვია, მოითხოვა მხოლოდ მას იმ შემთხვევაში, როდესაც მელია გავიდა კანონის ჩარჩოებიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს, 25 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, რომლებიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.





