ნინო ვაშაკიძე
გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობით უდგება თითოეულ გადაწყვეტილებას
პოლიტიკა

გივი მიქანაძე
ფოტო: ნინო ვაშაკიძე
ჩვენ ვაფიქსირებთ ძალიან ღია პოლიტიკას ჩვენი დასავლელი მეგობრების მიმართ, რომლებიც მოწოდებულები არიან, რომ დეესკალაციას ხელი შეუწყონ და გარკვეული პოზიტიური მუხტი შემოიტანონ მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და არ იქნებიან.
„ქვეყანა ვერ შედგება, თუ ჩვენ კანონის პატივისცემა და აღსრულება არ გვექნა რეალურ სურათად. რადგანაც ოპოზიცია გამოთქვამს მზაობას, რომ დაჯდეს მაგიდასთან, ჩვენთვის ეს ძალიან მისასალმებელია. შესაძლებელია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, გარკვეული შესაძლებლობები გამოიძებნოს. მთავარი არის მათი მხრიდან როგორი მიდგომა იქნება ამ საკითხის მიმართ. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ კანონის და სამართლის უზენაესობა არანაირად კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.
მეორე მომენტია, რომ გარკვეული შეხების წერტილები გამოიძებნოს. ამიტომ, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, როგორ კონსტრუქციულობას გამოიჩენს ოპოზიცია და როგორ ჩაერთვებიან ისინი პროცესებში. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობით უდგება თითოეულ გადაწყვეტილებას და უმთავრესი მომენტი, რაზეც ჩვენ სახელმწიფოს უკვე მეცხრე წელიწადია ვაშენებთ და ვაგებთ, ეს არის კანონის და სამართლის უზენაესობა, ამიტომ კანონის უზენაესობა აუცილებლად დაცული იქნება და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა მიქანაძემ.





