სოხუმში აცხადებენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას უჭერენ მხარს
პოლიტიკა

სოხუმი
ფოტო: Shutterstock.com
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს გაგრძელებას უჭერს მხარს და ამ ფორმატს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში მნიშვნელოვან მექანიზმად თვლის. ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დე ფაქტო უწყებაში გამოეხმაურნენ ეუთოში აშშ-ის ელჩის, ჯეიმს გილმორის განცხადებას, რომელმაც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლაში რუსული მხარე დაადანაშაულა.
„ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადატანა გამოწვეული იყო კორონავირუსის გავრცელების საფრთხით და რაიმე სხვა მიზეზის ძებნა არაა საჭირო. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მუშაობაში დაინტერესებულია მასში ჩართული ყველა მხარე“, - აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში.
ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა განაცხადა, რომ რუსეთმა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადადების მიზნით პანდემია საბაბად გამოიყენა, და მოუწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, 10-11 დეკემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებების 51-ე რაუნდს შეუერთდნენ.





