ლაშა დარსალიამ საქართველოში ჩინეთის ელჩთან TikTok-ზე ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოხსენიების საკითხი განიხილა
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ჩინეთში რეგისტრირებული სოციალური ქსელის - TikTok-ის ვებგვერდზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრის საკითხი განიხილეს. ელჩის თქმით, ოფიციალური პეკინი სოციალური ქსელის ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და ხარვეზი უახლოეს პერიოდში გასწორდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთში საქართველოს ელჩმა უკვე გამართა შეხვედრები კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ასევე მიიღო დაპირება უახლოეს პერიოდში ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი კონვენციისადმი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერთების უშედეგო მცდელობაზე. ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარე განუხრელად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყნის მიერ კორონავირუსის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების შესახებ. ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.
TikTok-ზე დაფიქსირებული ხარვეზის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს.





