ობამას შუალედური პასუხი რუსეთის კიბერშეტევაზე
მსოფლიო

ბარაკ ობამა
The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამერიკის პრეზიდენტმა უარყო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შეთავაზებული ყველა საპასუხო ვარიანტი იმ ჰაკერულ შეტევებზე, რომლის სავარაუდო ორგანიზატორი რუსეთია.
შეთავაზებულ ვერსიებს შორის იყო რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვისთვის ევროპასა და აზიაში მათი “საიდუმლო საბანკო ანგარიშების” დაბლოკვა, სანქციების ამოქმედება ე.წ. “გრუს” ხელმძღვანელების მიმართ, რაც შეუზღუდავდა მათ საერთაშორისო გადაადგილების შესაძლებლობებს; რუსი ჰაკერების ინფრასტრუქტურის ნაწილის მწყობრიდან გამოყვანა; რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოლიგარქებთან კავშირების გასაჯაროება.
გაზეთის ცნობით შეთავაზებული ვარიანტები დაწუნებულია ან მათი არაეფექტურობის ან აშშ-ის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველობის გამო.
ამერიკელები რუსეთს ადანაშაულებენ, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერისა და ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციის მიზნით, მთელ რიგ ჰაკერულ თავდასხმებს მიმართა. რუსეთი ყველა მსგავს ბრალდებას უარყოფს.
კონგრესსა და თეთრ სახლში ამ საკითხზე გამოძიება დაწყებულია. ტრამპის მხარდაჭერის იდეა, როგორც ვერსია, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახურს (CIA) ეკუთვნის, თუმცა მას ქვეყნის ყველა სადაზვერვო უწყება არ ეთანხმება.





