იაპონიამ რუსეთის მიერ სამხრეთ კურილებზე სარაკეტო კომპლექსების განთავსება გააპროტესტა
მსოფლიო

იაპონიამ რუსეთს პროტესტი წარუდგინა სამხრეთ კურილებზე სარაკეტო კომპლექსების განთავსებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფუმიო კისიდაზე დაყრდნობით იუწყება.
წყნარი ოკეანის ფლოტის ოფიციალურმა გაზეთმა "Боевая вахта"-მ სამშაბათს ინფორმაცია გაავრცელა, რომ კურილიის კუნძულებზე სარაკეტო კომპლექსები „ბალი“ და „ბასტიონი“ განთავსდა. ამის შემდეგ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ოფიციალური ტოკიო „შესაბამისად გასცემს პასუხს“ რუსეთის ქმედებებს.
„იმედია გესმით, რომ ჩვენ წარვადგინეთ პროტესტი“, - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიის პარლამენტის უშიშროების კომიტეტის შეხვედრაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კურილიის კუნძულებზე სარაკეტო კომპლექსების განთავსებას გეგმური ხასიათი ჰქონდა და მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.





