Reuters: აშშ-მა SpaceX-ს კოსმოსში მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად მილიონი თანამგზავრის განლაგების ნებართვა მისცა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს კოსმოსში მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად ერთი მილიონი თანამგზავრისგან შემდგარი ქსელის განლაგების ნებართვა მისცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
SpaceX-მა მიმდინარე წლის დასაწყისში მარეგულირებელს კოსმოსში მილიონამდე გამოთვლითი მოდულის განლაგების ნებართვის მისაღებად მიმართა. კომპანიის გეგმის მიხედვით, თანამგზავრები დიდი მოცულობის მონაცემებს დაამუშავებენ, რომლებიც დედამიწაზე იქნება გამოყენებული.
FCC-ის განცხადებით, SpaceX-ის პროექტი სახელწოდებით „Starmind“ ხელოვნურ ინტელექტზე გათვლილი რესურსების სწრაფად მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს.
ლიცენზიის პირობების თანახმად, SpaceX-მა თანამგზავრების განლაგება არაუგვიანეს 2033 წლის ნოემბრისა უნდა დაიწყოს. 2035 წლის ნოემბრამდე კომპანიამ ქსელის მაქსიმალური რაოდენობის, ანუ 100 000 თანამგზავრის 10% უნდა განალაგოს, ხოლო 2038 წლის ნოემბრამდე - მთლიანი რაოდენობის ნახევარი.
FCC-ის განცხადებით, ნებართვის გაცემა SpaceX-ს საშუალებას მისცემს, რომ „განავითაროს ახალი ტექნოლოგია, რომელიც კოსმოსსა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში აშშ-ის ლიდერობას გააძლიერებს“.
მონაცემთა ცენტრები ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის საფუძველია და უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. SpaceX-ის განმარტებით, თანამგზავრები მზის ენერგიას გამოიყენებენ, რაც მათ თითქმის უწყვეტი ენერგომომარაგების საშუალებას მისცემს და ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს შეამცირებს. კომპანიის განცხადებით, ეს ტექნოლოგია კოსმოსურ მონაცემთა ცენტრებს უფრო ენერგოეფექტიანს გახდის და დედამიწაზე განლაგებული მონაცემთა ცენტრების გარემოზე ზემოქმედებასაც შეამცირებს.
ჯერჯერობით უცნობია, განალაგებს თუ არა SpaceX კოსმოსში მართლაც ერთ მილიონ თანამგზავრს. ამჟამად დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 17 000 თანამგზავრია. სატელიტური ოპერატორები ზოგჯერ იმაზე მეტი თანამგზავრის განლაგების ნებართვას ითხოვენ, ვიდრე რეალურად გეგმავენ, რათა პროექტის განხორციელებისას ტექნიკური გადაწყვეტილებების შეცვლის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, - წერს Reuters-ი.





