Reuters: ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების მთავარი cloud პლატფორმა გატეხეს
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების უმსხვილეს ღრუბლოვან გამოთვლით პლატფორმაში Cloud One-ში შეაღწიეს. ამის შესახებ Reuters-ს ინფორმირებულმა სამმა წყარომ განუცხადა.
კიბერშეტევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დიდი მოცულობის მნიშვნელოვან მონაცემებს, მათ შორის სამხედრო ტაქტიკურ ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემებსა და ლოგისტიკურ სისტემებს.
ორი წყაროს ინფორმაციით, შეღწევის ფაქტი დაახლოებით ერთი თვის წინ, სისტემის განახლების სამუშაოების დროს გამოვლინდა. მომხდარმა პლატფორმის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
Reuters-მა ვერ დაადგინა, ვინ იდგა კიბერშეტევის უკან, რა მასშტაბის იყო შეღწევა ან მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა რაიმე მონაცემები.
აშშ-ის საჰაერო ძალებში სააგენტოს განუცხადეს, რომ კონკრეტული ქსელებისა და სისტემების უსაფრთხოების მდგომარეობაზე, დაუცველობასა და ოპერაციულ სტატუსზე კომენტარს არ აკეთებენ. უწყების განმარტებით, ისინი მუდმივად იღებენ ზომებს თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციის, სისტემებისა და სამხედრო შესაძლებლობების დასაცავად.
Cloud One-ის შექმნა 2017 წელს დაიწყო. პლატფორმა საჰაერო ძალების საინფორმაციო ტექნოლოგიების საჭიროებების ერთიან სისტემაში მოქცევას ისახავდა მიზნად. მასში ოთხი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის - Microsoft-ის, Amazon-ის, Oracle-ისა და Alphabet-ის - რესურსებია გაერთიანებული. პლატფორმა ათობით აპლიკაციას უზრუნველყოფს, მათ შორის ისეთ სისტემებს, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეების პერსონალურ მონაცემებსა და ანაზღაურებას, ასევე ლოგისტიკასა და ტექნიკის მომსახურებას მართავს.
ამ სისტემებს შორისაა საჰაერო ძალების მართვისა და კონტროლის პლატფორმა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით საჰაერო თავდაცვის რადარებისა და სხვა წყაროებიდან მიღებულ მონაცემებს აერთიანებს. კიდევ ერთი სისტემაა Theater Integrated Combat Munitions System, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საჰაერო ძალების 200-ზე მეტ ობიექტზე ბომბებისა და რაკეტების გადაადგილებას აღრიცხავს.
ორი წყაროს ცნობით, Cloud One აშშ-ის სამხედრო ძალების ერთ-ერთი უმსხვილესი ღრუბლოვანი პლატფორმაა. „აქ უსაფრთხოების დარღვევა ძალიან სერიოზული საკითხია“, - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.
მომხდარის მასშტაბის შესაფასებლად გამოძიებაში აშშ-ის სამხედრო კიბერსარდლობაც ჩაერთო.





