Financial Times: მარინ ლე პენი - ქალი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა შეუძლია
მსოფლიო

მარინ ლე პენი
ფოტო: Getty Images
გამოცემა Financial Times-ი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატს მარინ ლე პენს ვრცელ სტატიას უძღვნის სათაურით „მარინ ლე პენი - ქალი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა შეუძლია“.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატმა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას უკვე გაუგზავნა გაფრთხილება: მათ არ უნდა შეათანხმონ ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელშიც მისი გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალია.
გასულ თვეში ბრიუსელში იშვიათი ვიზიტისას ლე პენმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევა „ევროკავშირში დემოკრატიული სკანდალი“ იქნებოდა და მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებდა.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ლიდერები ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევას მიმდინარე წელს ცდილობენ.
ლე პენი, რომელიც წარსულში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლას, ე.წ. „ფრექსიტს“ უჭერდა მხარს, ახლა ევროკავშირისთვის ისტორიაში ყველაზე დიდ პოპულისტურ გამოწვევად მიიჩნევა. მართალია, გაერთიანებას წარსულშიც ჰყოლია ევროსკეპტიკოსი ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, თუმცა, Financial Times-ის შეფასებით, არცერთ მათგანს არ ჰქონია ისეთი გავლენა და ევროკავშირის პროექტისთვის პოტენციურად ისეთი დამაზარალებელი შესაძლებლობები, როგორიც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს.
ლე პენს ევროკავშირის პოლიტიკის ძირეულად შეცვლა სურს არაერთ საკითხზე - უკრაინის მხარდაჭერაზე, იმიგრაციაზე, ევროპული სამართლის უზენაესობასა და მწვანე შეთანხმებაზე. ის ასევე აპირებს ევროკავშირის ინსტიტუტების გავლენის შეზღუდვას, პირველ რიგში კი გაერთიანების ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირებას. ევროკავშირის შემდგომი გაფართოების წინააღმდეგ მისი პოზიცია შესაძლოა პრობლემად იქცეს დიდი ბრიტანეთისთვისაც, თუ ქვეყანა გაერთიანებაში დაბრუნებას გადაწყვეტს.
ევროკავშირის ოფიციალური პირები ლე პენის შესაძლო პრეზიდენტობისთვის სამოქმედო გეგმებს ამზადებენ. ზოგიერთი მათგანი იმედოვნებს, რომ მისი ამბიციების შეზღუდვას ფინანსური ბაზრები შეძლებენ, განსაკუთრებით, საფრანგეთის რთული საბიუჯეტო მდგომარეობის გათვალისწინებით. თავის მხრივ, ლე პენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირთან „ძალების გამოცდას“ აპირებს.
ევროპარლამენტში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ დეპუტატების ხელმძღვანელის ჟან-პოლ გაროს შეფასებით, ევროკავშირის ინტეგრაციის ეპოქა, როდესაც ცენტრალური ინსტიტუტები წევრი სახელმწიფოების ხარჯზე ძლიერდებოდნენ, დასასრულს უახლოვდება. მისი თქმით, მარინ ლე პენის ხელისუფლებაში მოსვლა ამ პროცესს საბოლოოდ დაასრულებს.
წინა სამი წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანიისგან განსხვავებით, ამჯერად 58 წლის ლე პენი გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ლიდერობს. ამომრჩეველთა სამ მეოთხედზე მეტს კი, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ, რადიკალური ცვლილებები სურს.
არჩევნები ევროპისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში გაიმართება: რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ მეხუთე წელს ითვლის და მალე მეექვსეში გადავა, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკა კი ევროპელ მწარმოებლებს სულ უფრო მეტ წნეხს უქმნის.
ორი ევროპელი დიპლომატის ინფორმაციით, ლე პენის შესაძლო გამარჯვების გათვალისწინებით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანონმდებლობის გამოყენება მისი ყველაზე რადიკალური გეგმების შესაკავებლად ან დასაბლოკად. ზოგიერთ საკითხში, მაგალითად, მიგრაციის პოლიტიკაზე ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ლე პენთან თანამშრომლობაც შესაძლებელია, რადგან სხვა ნაციონალისტი ლიდერების წნეხის შედეგად ბრიუსელმა საზღვრის კონტროლის პოლიტიკა უკვე გაამკაცრა.
ევროკავშირის უფრო ღრმა ინტეგრაციის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლე პენს რიტორიკის შერბილება მოუწევს. მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2022 წლიდან უფრო პრაგმატული პოლიტიკა გაატარა: ევროკავშირის წესების ფარგლებში მოქმედებდა, მიგრაციისა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან თანამშრომლობდა და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობდა.
„ის მალე მიხვდება, რამდენად არის საფრანგეთი დამოკიდებული ევროკავშირსა და ერთიან ბაზარზე. ეს ყველა პოპულისტს ემართება“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
თუმცა „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენლები მელონისთან შედარებას არ ეთანხმებიან. მათი თქმით, საფრანგეთისა და იტალიის მმართველობის სისტემები, ასევე ქვეყნების ეკონომიკური და თავდაცვითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ლე პენის სიძის, ევროპარლამენტის წევრის ფილიპ ოლივიეს განცხადებით, „მარინი იმას გააკეთებს, რასაც ამბობს“. მისი თქმით, მელონის მოქმედების თავისუფლებას ევროკავშირთან დადებული ფინანსური ვალდებულებები და შეთანხმებები ზღუდავს, თუმცა იტალიის პრემიერ-მინისტრი არაერთ საკითხში ლე პენის ბუნებრივი მოკავშირე იქნება.





