აშშ-მა უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების ტექნიკური მომსახურებისა და აღჭურვილობის შესაძენად 621,9 მილიონი დოლარის პაკეტი დაამტკიცა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.
პაკეტის სავარაუდო ღირებულება 621,9 მილიონი დოლარია. შესყიდვა ბელგიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდება და მასში ამერიკული საბიუჯეტო სახსრები არ იქნება გამოყენებული.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ მოითხოვა F-16 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მომსახურების პაკეტის შეძენა. ის მოიცავს ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო მხარდაჭერას, ასევე, პიროტექნიკურ მოწყობილობებს, რომლებიც თვითმფრინავის სისტემებში გამოიყენება.
აღნიშნული შესყიდვა დაემატება მანამდე გაფორმებულ სამხედრო შესყიდვის შეთანხმებას, რომლის ღირებულებაც კონგრესისთვის სავალდებულო შეტყობინების ზღვარს არ აღემატებოდა.
უწყების განცხადებით, დაგეგმილი გაყიდვა გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, განახორციელოს თავდაცვითი და რეგიონული უსაფრთხოების მისიები და გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.
სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესყიდული აღჭურვილობისა და მომსახურების ათვისება არ გაუჭირდება.





