უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებასთან დაკავშირებული მსხვილი ქიმიური ქარხანა და ენერგოობიექტი დაბომბეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სტავროპოლის მხარეში მდებარე ქალაქ ნევინომისკის სამრეწველო ზონაზე ღამით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სავარაუდო სამიზნე იყო ქიმიური საწარმო „ნევინომისკ აზოტი“, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მინერალური სასუქებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო ქიმიური კომპონენტების მწარმოებელია.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორის ვლადიმირ ვლადიმიროვის განცხადებით, 26 ნოემბრის ღამეს უკრაინული დრონები ქალაქ ნევინომისკის სამრეწველო ზონას უტევდნენ. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი ჩამოაგდეს. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტების დაზიანების, ნგრევისა თუ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აფეთქებები ისმოდა როგორც „ნევინომისკ აზოტის“, ისე ქალაქის თბოელექტროსადგურის მიმდებარედ.
როგორც მედია იუწყება, დარტყმის სამიზნე ნევინომისკის თბოელექტროსადგურიც გახდა, რომელიც ქიმიური ქარხნის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და მას ელექტროენერგიით ამარაგებს.
„ნევინომისკ აზოტი“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური საწარმოა. ის ყოველწლიურად მილიონ ტონამდე ამიაკსა და მილიონ ტონაზე მეტ ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს - ნივთიერებებს, რომლებიც ასაფეთქებელი მასალებისა და საარტილერიო ჭურვების წარმოებაში გამოიყენება. უკრაინელი ოფიციალური პირები საწარმოს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევენ.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინულმა ძალებმა ქარხანაზე რამდენჯერმე მიიტანეს იერიში, მათ შორის 2026 წლის მაისში, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ. საწარმო უკრაინის მიერ სანქცირებულ ობიექტებს შორისაა. 2026 წლის ოქტომბერში კი უკრაინამ მის რამდენიმე წამყვან თანამშრომელსაც დაუწესა სანქციები.





