ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება დაამტკიცა - თანხა დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის შესყიდვას მოხმარდება
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თანხა ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში, ერთობლივი შესყიდვების გზით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ლეტალური და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას მოხმარდება.
აღნიშნული დაფინანსებით უკრაინას მიაწვდიან დრონებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, რადარებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. მიწოდება 2027 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
„24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლა, კიევში რამდენიმე საელჩოს შენობა დააზიანა და პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთს მშვიდობა სურს - მოსკოვის ქმედებები ყველაფერზე მეტყველებს. დღეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად კიდევ 1 მილიარდი ევროს გამოყენებას ვამტკიცებთ. ეს თანხა მოხმარდება დრონებს, საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალასა და სხვა შესაძლებლობებს, რომლებიც უკრაინას გადაუდებლად სჭირდება. უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს ევროპის იმედი როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური შეთანხმების განხორციელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც წევრმა სახელმწიფოებმა 2026 წლის 25 სექტემბერს მიაღწიეს. შეთანხმება უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში ჯამში 6,6 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მზადყოფნა რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ, აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





