The Washington Post: ჰეგსეტმა საიდუმლო მემორანდუმით აშშ-სა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შეზღუდა
მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ვაშინგტონსა და ოტავას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
შესაბამისი დირექტივა საიდუმლო მემორანდუმის სახით გასულ კვირას გავრცელდა. გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და კანადის მთავრობას შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კანადის ანექსიის შესახებ არაერთგზის გაკეთებული განცხადებებია.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ჰეგსეტის დირექტივა მანამდე საჯაროდ ცნობილი არ ყოფილა. ოფიციალური პირების შეფასებით, ახალი შეზღუდვები კანადაში „სახეში გარტყმად“ აღიქმება და აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად შეიზღუდება ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს შორის თანამშრომლობა.
პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა გამოცემას განუცხადა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი „ნაბიჯებს დგამს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანადასთან ურთიერთქმედება აშშ-ის თავდაცვის კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდეს და საბოლოოდ თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყოს ხელი“.
მისივე თქმით, პენტაგონი პრიორიტეტს ანიჭებს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რომლებიც გააძლიერებს ორივე ქვეყნისა და საერთო ნახევარსფეროს თავდაცვას და ამავდროულად კანადას ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.
პარნელის განმარტებით, ჰეგსეტის დირექტივა გავლენას არ მოახდენს თავდაცვის სფეროში სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე და არც ნატოს ფარგლებში აშშ-ისა და კანადის სამხედრო თანამშრომლობაზე. შეზღუდვები ასევე არ შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ორმხრივ სარდლობას (NORAD).
აშშ და კანადა ნატოს დამფუძნებელი წევრები არიან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ალიანსის ფარგლებში ორი ქვეყნის სამხედროები ყოველდღიურად თანამშრომლობენ. ორივე ქვეყანა NORAD-ის შტაბ-ბინაში, კოლორადოს შტატში, საჰაერო სივრცისა და საზღვაო საზღვრების დასაცავად კოორდინირებულად მოქმედებს, წერს გამოცემა.
აშშ-სა და კანადას ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო თავდაცვითი ურთიერთობა აკავშირებთ. ორ ქვეყანას შორის საზღვრის სიგრძე 8 891 კილომეტრია. კანადის სამხედროები აშშ-ის ჯარებთან ერთად სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ავღანეთში, სადაც სულ მცირე 158 კანადელი სამხედრო დაიღუპა, 2 000-ზე მეტი კი დაიჭრა.
კანადა ასევე არის „ხუთი თვალის“ სადაზვერვო ალიანსის წევრი, რომელშიც აშშ-სთან ერთად გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია და ავსტრალია შედიან.
„ხუთი თვალის“ ერთ-ერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონს ოფიციალურად არ უცნობებია პარტნიორებისთვის, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესები შეიცვლებოდა, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის წარმომადგენლები „სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით“ ნაკლებ ინფორმაციას აზიარებდნენ.
როგორც The Washington Post-ი წერს, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც ხშირად აკრიტიკებდა კანადას თავდაცვის სფეროში არასაკმარისი დანახარჯების გამო და ოტავას ნატოს იმ მოკავშირეებს შორის მოიხსენიებდა, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზედმეტად არიან დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. ის ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებით და აცხადებდა, რომ ვაშინგტონი სანაცვლოდ საკმარის სარგებელს არ იღებდა.





