Reuters: კანადა და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებებს აფართოებენ
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ჩინეთი კანადიდან დამატებით პროდუქციაზე, მათ შორის ღორის ხორცსა და ზღვის პროდუქტებზე, იმპორტის ტარიფებს შეამცირებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის ოფისში განაცხადეს, იუწყება Reuters-ი.
კარნიმ კი ჩინეთთან ურთიერთობებში „მეტი პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის“ მიღწევაზე ისაუბრა.
კარნი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის დაწყებამდე შეხვდა. კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მნიშვნელოვნად უსწრებს გრაფიკს იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც ჩინეთში ექსპორტის მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე 50%-ით გაზრდას ითვალისწინებს.
კარნის ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, აშშ-ზე კანადის ძლიერი ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებაა. ვაშინგტონმა კანადურ პროდუქციაზე მაღალი საიმპორტო ტარიფები დააწესა.
კარნის ოფისის განცხადების თანახმად, სი ძინპინი და კანადის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ გააფართოონ და ორი წლით გაახანგრძლივონ წინასწარი შეთანხმება, რომელიც კანადელი ფერმერებისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ჩინეთი დაახლოებით 400 მილიონი კანადური დოლარის (280 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების კანადურ ექსპორტზე დამატებით შეამცირებს ტარიფებს. შეღავათები შეეხება, მათ შორის, გაყინულ ღორის ხორცს, თევზსა და ზღვის პროდუქტებს.
სანაცვლოდ, კანადა ორი წლით გაახანგრძლივებს ტარიფებისგან გათავისუფლების მოქმედ ზომებს ჩინეთიდან იმპორტირებულ ფოლადისა და ალუმინის გარკვეულ პროდუქციაზე. ეს შეღავათები 2026 წლის ბოლოს უნდა ამოწურულიყო.





