The New York Times: Deutsche Bank-ი, გაფრთხილებების მიუხედავად, რუსი ოლიგარქების მომსახურებას განაგრძობდა
მსოფლიო

2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთმა რაკეტებით უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელობაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ განგაში ატყდა. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე საათში, დასავლეთის მთავრობებმა ახალი ფინანსური სანქციები აამოქმედეს, რომელთა მიზანიც, რუსეთის მსოფლიო ეკონომიკისგან კიდევ უფრო იზოლირება იყო.
Deutsche Bank-ში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსული მრეწველობის გავლენიანი წარმომადგენლებისა და ოლიგარქების მომსახურე ბანკი იყო, თანამშრომლები მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილებას ცდილობდნენ. ბანკის ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტის კოლეგებისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილის სათაური იყო: „რუსეთის სანქციებთან დაკავშირებული გადაუდებელი მოთხოვნა“.
„როგორც იცით, ჩვენი კლიენტების დიდი ნაწილი რუსი ოლიგარქები არიან“, - წერდა ის და აღნიშნავდა, რომ ბანკს ჰყავდა სხვა კლიენტებიც, რომლებსაც რუსულ კომპანიებში ჰქონდათ ინვესტიციები. თანამშრომელი კოლეგებს ეკითხებოდა, რომელი კლიენტების მომსახურების შეწყვეტა იყო შესაძლებელი და რომელთან ურთიერთობის გაწყვეტა - არა. ასევე აინტერესებდა, ხომ არ უნდა ერჩიათ კლიენტებისთვის ფულის გამოტანა „მანამ, სანამ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ჰქონდათ“.
ეს მიმოწერა Deutsche Bank-ში ხანგრძლივი და დაძაბული გადახედვის დასაწყისი გახდა. სკანდალებში არაერთხელ გახვეული ბანკი, წლების განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთის უმნიშვნელოვანეს ბიზნეს ფიგურებთან კავშირების გაწყვეტას. ბანკის კლიენტებს შორის იყვნენ რუსი მილიარდერები ოლეგ დერიპასკა და ვიქტორ ვექსელბერგი. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ წლების განმავლობაში ბანკის რისკების მართვის სპეციალისტები არაერთხელ აფრთხილებდნენ ხელმძღვანელობას, რომ ამ კლიენტებთან ურთიერთობა საფრთხის შემცველი იყო.
თუმცა, საბოლოოდ, რუს კლიენტებთან თანამშრომლობით მიღებული მოგება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, წერს გამოცემა.
უკრაინაში რუსეთის ომმა Deutsche Bank-იც იმ ფართო ცვლილებების ნაწილი გახადა, რომლებმაც დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები შეცვალა. ათწლეულების განმავლობაში გერმანელი პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება მოსკოვს აგრესიისგან შეაკავებდა. ეს სტრატეგია რუსეთის შეჭრის შემდეგ დაინგრა.
Deutsche Bank-ის რეაქცია სანქციებზე და რუს კლიენტებთან მისი ხანგრძლივი ურთიერთობების ახალი დეტალები, 15 მილიონზე მეტი შიდა დოკუმენტის შესწავლის საფუძველზე გახდა ცნობილი. მათ შორისაა კონფიდენციალური ანგარიშები, ელექტრონული წერილები და შეხვედრების ოქმები. გაჟონილი მასალები ინდოელმა მწერალმა და ჟურნალისტმა ჯოსი ჯოზეფმა და სამხრეთაფრიკელმა ჟურნალისტმა, ხადიჯა შარიფემ მოიპოვეს. დოკუმენტები 200-ზე მეტი ჟურნალისტისგან შემდგარმა საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა, რომელშიც The New York Times-ის რეპორტიორებიც შედიოდნენ.
მასალები იშვიათ შესაძლებლობას იძლევა, დაინახოს მკითხველმა, როგორ ამყარებდა ბანკი წლების განმავლობაში ურთიერთობებს რუს ოლიგარქ კლიენტებთან. ეს კავშირები შენარჩუნდა მაშინაც კი, როდესაც ბანკის ცალკეული სტრუქტურები ამტკიცებდნენ, რომ ოლიგარქების ფინანსების მართვით, ბანკი უნებლიეთ შესაძლოა ფინანსურ დანაშაულებს უწყობდა ხელს.
როგორც გამოცემა წერს, ეს Deutsche Bank-თვის უცხო პრობლემა არ ყოფილა. რუსეთის შეჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა შვიდწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბანკმა მარეგულირებლების ბრალდებების მოსაგვარებლად მილიარდობით დოლარი გადაიხადა. საქმე ეხებოდა, მათ შორის, საერთაშორისო კორუფციულ გარიგებებსა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელებას. ერთ-ერთი საქმე სწორედ ბანკის რუსეთში საქმიანობას უკავშირდებოდა.
რუსეთში საქმიანობის გამო ყურადღების ცენტრში ყოფნის მიუხედავად, ბანკის თანამშრომლები მსჯელობდნენ, რამდენად ევალებოდათ მათ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის რუსი კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. დოკუმენტების თანახმად, რუსეთის შეჭრის შემდეგ ბანკის ხელმძღვანელობა თავდაპირველად, რუსული ბაზრის დატოვების მოწოდებებსაც ეწინააღმდეგებოდა. ბანკმა საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა ქვეყნიდან გასვლა, რაც კონკურენტებმა რუსული ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადეს.





