ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
მსოფლიო

ტედი რინერი
Reuters
ფრანგი ძიუდოისტი, ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში 37 წლის სპორტსმენმა აღნიშნა, რომ ის არც „მემარცხენეა და არც მემარჯვენე“, არამედ ერთიანობის კანდიდატია. მან დასძინა, რომ სპორტული კარიერის დასრულებას არ გეგმავს და, თუ ფრანგი ხალხი ნებას დართავს, 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობასაც აპირებს.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში რინერმა განაცხადა: „საფრანგეთს არ სჭირდება პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომელიც მთელი დღე ჭკუას არიგებს და კინკლაობს. ქვეყანას სჭირდება საღი აზრი, სიკეთე და სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“.
ძიუდოისტმა აღნიშნა, რომ ელოდება, ხალხმა შესაძლოა ის „გიჟად“ მიიჩნიოს, რადგან პოლიტიკაში გამოცდილება ან „საჭირო კავშირები“ არ გააჩნია. თუმცა, მან დასძინა: „თუ ზეწოლაზე უარის თქმა და ქაოსთან შეგუების სურვილის არქონა გიჟად მხდის, მაშინ დიახ, მე ნამდვილად გიჟი ვარ. ჩემი ცხოვრება მაგიდასთან არ გატარებულა - ბრძოლა ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო. ვიცი, რას ნიშნავს წვალება, დაცემა და კვლავ ფეხზე წამოდგომა“.





